ინსპირაციული ლიდერის ტიპი
მაჰათმა განდი – დესპანი არაძალადობრივი ქმედებით თავისუფლებისთვის ბრძოლაში
არაძალადობისა და სიყვარული მოციქული, მაჰათმა (დიდი სული), მშვიდობისა და ჭეშმარიტების მაძიებელი, ეს მცირე ჩამონათვალია იმ ეპითეტებისა, რომლითაც მოიხსენიებენ ინდოეთის სულიერ და პოლიტიკურ ლიდერს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და არაძალადობრივი დაპირისპირების იდეის სულისჩამდგმელს მოჰანდას კარამჩანდ განდის. ძალადობის უარყობის განდისეულმა ფილოსოფიამ _ ,,სატიაგრაჰამ“, სრულიად შეცვალა თავისუფლებისთვის ბრძოლის ტრადიციული მეთოდები და შემოგვთავაზა ალტერნატიული მესამე გზა, რომელსაც სათავეში მხოლოდ მსახური ლიდერი შეიძლება ჩადგომოდა.
განდი ნათელი მაგალითია კომბინირებული ტიპის ლიდერის, რომელიც თავის თავში აერთიანებს ინსპირაციულ და მხარდამჭერი სტილის ლიდერის მახასიათებლებს.
როგორც ინსპირაციული ლიდერი, განდი იყენებს ინტელექტუალურ სტიმულირებას ახალი იდეებისა და პროცესების წასახალისებლად. მან ინდოელ ხალხს და მსოფლიოს აღორძინების პრინციპულად ახალი გზა შესთავაზა. ეს არ იყო შეიარაღებული აჯანყების ან კოლონიზატორებისადმი პეტიციებით მიმართვის გზა. მან მესამე გზა აირჩია – არაძალადობის გზა, რომლის საფუძველში უმაღლეს ღირებულებებად დევს სიცოცხლის, ადამიანისა და ყველა სულიერისადმი სიყვარულის აღიარება. სამხრეთ აფრიკაში ინდოელების მიმართ დისკრიმინაციული კანონების საპირწონედ მან შეიმუშავა „სატიაგრახა“ (ჭეშმარიტების სიმტკიცე), ანუ არაძალადობრივი დაპირისპირების ფილოსოფია. ,,წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების, რაგინდ კეთილშობლიურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს.“ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობა ნატალიდან ტრანსვაალისაკენ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ინგლისელებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ინგლისური საქონლისა და მომსახურების ბოიკოტი, მარილის მსვლელობა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ინსპირაციული ქმედებებისა, რასაც განდი არაძალადობრივი წინააღმდეგობისას მიმართავდა. განდი პირადი ქმედებებით აძლევდა დანარჩენებს ინსპირაციულ მოტივაციას. სატიაგრახას ახალი სიმბოლო ტრადიციული ინდური სართავი ჯარა ხდება. ჯარასთან მოკალათებული განდი თავად იმზადებს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს და ამით მაგალითს აძლევს სხვებს.
“პირველად უარგყოფენ, შემდეგ დაგცინიან, მერე გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ”
მოჰანდას კარამჩანდ განდი
როგორც მხარდამჭერი ლიდერი, განდი მხედველობაში იღებდა თავისი მიმდევრების საჭიროებებს და
სწორედ ამაზე აფუძნებდა მომდევნო ნაბიჯებს. 1894 წელს პრეტორიაში განდიმ ყველა ინდოელის
კრება მოიწვია. ორგანიზაციის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ ის ეფუძნებოდა
გამჭვირვალობას და საჯაროობას. საჯარო გამოსვლაში
მან ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ყველა კასტური, აღმსარებლური და ნაციონალური განსხვავების
დავიწყება. მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა მიმდევრებს შორის არსებული კასტური,
სოციალური, რელიგიური თუ ეთნიკური დაპირისპირებების შემცირებას და მედიაციას. მას როგორც
მხარდამჭერ ლიდერს წარმოაჩენს ერთი ეპიზოდი: როდესაც ინდოელი ახალმოსახლეებით დატვირთული გემები სამხრეთ
აფრიკულ პორტ დურბანს მიადგა, ხელისუფლებამ ინდოელებს უკან დაბრუნება მოსთხოვა. ეს უკანასკნელნი განდის გარშემო გაერთიანდნენ. 23 დღე გრძელდებოდა დაპირისპირება.
განდი გემიდან მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როცა მგზავრები და ოჯახის წევრები სამშვიდობოს გავიდნენ. იმწამსვე მას გარს შემოერტყა თეთრკანიანი მოსახლეობა და სცემეს. სიკვდილს ის მხოლოდ პოლიციის რაზმის ჩარევამ გადაარჩინა. ლონდონი განდის ცემაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვდა. მთავრობის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა განდს უთხრა, რომ დამნაშავეებს დასჯიდა, თუკი მათ ამოიცნობდა. „მე ვთვლი, რომ ჩემზე თავდამსხმელები კი არა, მათი ხელმძღვანელები უნდა დაისაჯონ, და, მაპატიეთ, პირველ ყოვლისა პირადად თქვენ“-განდის ამ პრინციპულმა პოზიციამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. განდი და მისი ბრძოლა ინდოელების უფლებების დასაცავად ახლა უკვე ბევრი თეთრკანიანის პატივისცემას და გაგებას იწვევდა.
განდი ქარიზმატული ლიდერია. მისი მოღვაწეობის დაწყების მიზეზი იყო სწორედ ის დისკრიმინაციული
გარემო, რომელშიც უწევდათ ინდუსებს ცხოვრება. განდი უკმაყოფილო იყო არსებული რეალობით
და ჰქონდა ალტერნატიული ხედვა ,,სატიაგრახა“ იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა სამყაროს უკეთესობისკენ
შეცვლა. მისი აზრით „ყოველ ადამიანს შესწევს ძალა უარი თქვას ბოროტებაზე, ბოროტ საქმეებში
მონაწილეობის მიუღებლობას ადამიანი მიჰყავს ახალი სამყაროს – სიკეთის სამყაროს მშენებლობამდე.“
მის ქარიზმატულობას ნათლად წარმოაჩენს
1930 წლის ,,მარილის ლაშქრობა“. რამდენიმე ინდუსს, რომლებიც თვითნებურად მოიპოვებდნენ
მარილს, მაშინვე იჭერდნენ. მაგრამ საკმარისი იყო მათ სათავეში ჩადგომოდა განდი, რომ რამდენიმე ათეულის მაგიერ ათეულ-ათასობით მიმდევარი გაჰყოლოდა მსვლელობაში. ასევე,
როდესაც ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მასობრივი კონფლიქტი დაიწყო ინდუსებსა და მუსლიმებს შორის, განდმა შიმშილობა დაიწყო. დაპირისპირება მაშინვე შეწყდა განდის
გარდაცვალებამდე. ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს მის ქარიზმატულობასა და უდიდეს ავტორიტეტს
საზოგადოებაში.
შესაძლებელია თუ არა ერთი პიროვნება იყოს როგორც ლიდერი, ასევე მსახური? განდის ფიგურა პასუხია ამ
კითხვაზე. იგი პირველ რიგში იყო მსახური. შევაფასოთ მისი მოღვაწეობა მსახური ლიდერის
ქცევის შკალის მოდელით (The Servant Leadership Behaviour Scale Model
– SLBS), რომელიც მოიცავს 6 მიმართულებით შეფასებას: (Sendjaya, 2005 )
მოხალისეობრივი სუბორდინაცია- იყო მსახური და განახორციელო ქმედებები ამისთვის. სამხრეთ აფრიკაში განდის მოღვაწეობა ნათელი მაგალითია მოხალისეობრივი სუბორდინაციისა; აუთენტური მე – მსახური ლიდერის ,,ჭეშმარიტი მე“ აერთიანებს თავმდაბლობას, პატიოსნებასა და პირდაპირობას, ანგარიშვალდებულებას მიმდევრების წინაშე, მზაობას, აღიარო შეცდომები, ცოდვები. ეს ყოველივე შეესაბამება განდის პიროვნულ თვისებებს; შეთანხმებული ურთიერთობა – მსახურ ლიდერსა და მიმდევრებს შორის ურთიერთობა ემყარება უწყვეტ და შეთანხმებულ ურთიერთობას, რაც გულისხმობს კოლაბორაციას, თანასწორობას, მარგებლობას და თანხმობას, ერთმანეთის მიმღებლობას; პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მორალურობა მოიცავს მორალურ ქმედებებს და მორალურ მსჯელობას; ტრანსცედენტული სულიერება აერთიანებს რელიგიურობას, ურთიერთკავშირს, ლიდერის მიერ საკუთარი მისიის შეგრძნებას, მთლიანობას; ტრანსფორმაციული გავლენა – მისი ელემენტებია ნდობა, მენტორობა, მოდელირება, ხედვა, გაძლიერება.
განდი, როგორც მსახური ლიდერი, ზემოთმოცემული შკალის ექვსივე მიმართულებას ასახავს. პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მორალურობა, ტრანსცედენტული სულიერება თუ ეთიკური პრინციპების ხედვა ასევე ახასიათებს სპეციალიზებულ მიდგომებს, კერძოდ, ეთიკურობაზე დამყარებულ ლიდერობის ხედვას. სადაც მიმდევრებს ლიდერზე არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებათ. განდისთვის თითოეული პიროვნება მნიშვნელოვანია. ,,ყოველ ადამიანს შესწევს ძალა უარი თქვას ბოროტებაზე, რითაც ის საკუთარ თავზე მაღლდება და ბოროტება უძლური ხდება ამ გადაწყვეტილების წინაშე.“
და ბოლოს, განდის როგორც მსახურ ლიდერს ნათლად ასახავს ალბერტ აინშტაინის სიტყვები „„ბედნიერი ვართ ბედისწერის, რომელმაც ასეთი ბრწყინვალე თანამედროვე გვაჩუქა – გზის გამკვალავი მომავალი თაობებისათვის. შეიძლება მათ არც დაიჯერონ, რომ ასეთი ადამიანი, ჩვეულებრივი ხორცითა და სისხლით, მართლაც დადიოდა ამ ცოდვილ მიწაზე“.
ბიბლიოგრაფია
1. Greenleaf,Robert K.(1977); “Servant Leadership: A Journey into the Nature of Legitimate Power and Greatness”l; Paulist Press
2. Montgomery,Van Wart (2008); “Leadership in Public Organizations”; Routledge
3. Mahatma Gandhi : Film : MAHATMA – Life of Gandhi, 1869-1948.https://www.youtube.com/watch?v=rfHUvW7L5-k
4. Sendjaya, S. (2005). Leaders as servants. Monash Business Review, 1(2), 1-7.
5. საყვარელიძე, ფ. (2010) ,,მაჰათმა განდი – სიყვარულისა და არაძალადობის მოციქული“; ჟურნალი ,,სოლიდარობა“ N2 (35), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო